ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მომდევნო სირთულეების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ახალგორის გადასასვლელზე შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 70 წლის ქალის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
„ევროკავშირის მისია ინფორმირებულია ახალგორელი მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების შესახებ. ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზი ამ საქმის გამო არ იყო აქტივირებული. ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, ასეთი ტრაგედიები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აისახება გადაადგილების თავისუფლების მკაცრი შეზღუდვა მოსახლეობაზე.
„სამხრეთ ოსეთსა და ახალგორში მიმავალი მთავარი გადასასვლელი, რომლითაც ნორმალურ პირობებში, დღეში 400 ადამიანი სარგებლობს, 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა სწრაფ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას მოკლებულია. ეს ადამიანების ცხოვრებაზე სხვა ნეგატიური გზებით აისახება. ევროკავშირის მისია ამ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება“, – აღნიშნულია ევროკავშირის მისიის განცხადებაში.
ევროკავშირის მისიაში აცხადებენ, რომ მომდევნო სირთულეების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, რათა ინდივიდუალურ შემთხვევებში, ჰუმანიტარული ფაქტორი გადამწყვეტი იყოს.
„ევროკავშირის მისიამ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე ერგნეთში“, – წერია განცხადებაში.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა. მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად. ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.