ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში
ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ მიმართვას აქვეყნებენ.

საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები ხუთ ინიციატივას გამოყოფენ, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის კიდევ უფრო მეტ წარმატებას. მინისტრების შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი წარმატების წინაპირობაა რეფორმები, რომელიც პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარეობს.

მინისტრების მოსაზრებით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ამ მიმართულებით ქვეყნების დახმარება და მოძებნოს უკეთესი გზები რეფორმების წასახალისებლად.

„მთავარია რეფორმები. ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზანი ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელსაც ვიზიარებთ –  დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ეკონომიკური განვითარება ევროკავშირის სამეზობლოში, ეს უკავშირდება საზოგადოებების ტრანსფორმაციას. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების რეალური სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. საბოლოოდ, ცვლილებებს მხოლოდ საფუძვლიანი და მდგრადი რეფორმების იმპლემენტაცია მოიტანს. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ რეფორმებს. უნდა ვიპოვოთ უკეთესი გზები მათ წასახალისებლად, რაც გულისხმობს, მაგალითად, ფინანსური დახმარების მიმართვას უფრო მიზანმიმართულად, კონკრეტული რეფორმების პროგრესის შესაბამისად ან პროექტებზე მორგებულ დახმარებას“,- ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.

მინისტრები ასევე ხაზს უსვამენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ევროკავშირის ინდივიდუალური მიდგომების მნიშვნელობას.

“„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ აერთიანებს ექვს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ პარტნიორ ქვეყანას – განსხვავებულს როგორც არსებული მდგომარეობით, ასევე მათი მისწრაფებებით. ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირმა უნდა უპასუხოს აღნიშნულ განსხვავებებს და მოახდინოს მისი ინსტრუმენტების ადაპტირება და მორგება თითოეულ ინდივიდუალურ კონტექსტზე. თუმცა, მრავალმხრივ ჭრილში, საჭიროა ექვსივე პარტნიორთან ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელება და შენარჩუნება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რეგიონის სტაბილურობა და კეთილდღეობა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ უფრო მეტად, ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაზე”, –  აცხადებენ მინისტრები.