ევროკავშირი და თურქეთი ურთიერთობებში კრიზისზე ბულგარეთში იმსჯელებენ
ევროკავშირი და თურქეთი ურთიერთობებში შექმნილ კრიზისზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე ბულგარეთში იმსჯელებენ. ამ ინიციატივით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბულგარეთის პრემიერ- მინისტრი ბოიკო ბორისოვი გამოვიდა.
ბორისოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა, რომელსაც ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და თურქეთის პრეზიდენტები დაესწრებიან, ქალაქ ვარნაში შედგება. დეტალების შესათანხმებლად მუშაობა დაწყებულია და კონკრეტული თარიღიც უახლოეს მომავალში დასახელდება.
„ეს შეხვედრა ყველასთვის სასარგებლო იქნება. განვიხილავთ იმ გზებს, თუ როგორ წავიდეთ წინ და შევქმნათ პირობები სხვა დონის შეხვედრისთვის“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2016 წლის დეკემბერში შეჩერდა. ევროკავშირი თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო შეშფოთებულია. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიალოგის გაგრძელებას მიესალმა გერმანიის კანცლერი. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყველა საკითხზე გულახდილი საუბარი უნდა შედგეს.