თურქეთის საგარეო უწყება - ევროკავშირის სანქციები არ იმოქმედებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბურღვით საქმიანობაზე
თურქეთის საგარეო უწყება - ევროკავშირის სანქციები არ იმოქმედებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბურღვით საქმიანობაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ იმოქმედებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბურღვით საქმიანობაზე. ამის შესახებ ნათქვამია თჟრქეთის საგარეო უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირის საბჭოს მიერ 15 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებები არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მზაობაზე, გააგრძელოს ნახშირწყალბადების მოპოვება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საბჭომ კვიპროსთან ბურღვითი სამუშაოების გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციები შეათანხმა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ამას გარდა, ევროკავშირის საბჭომ გააუქმა ანკარასთან ასოცირების საბჭოს შეხვედრა, ასევე ევროკავშირი-თურქეთის მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში სხვა შეხვედრები. ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის შეთავაზებას, თურქეთისთვის 2020 წლისთვის გათვალისწინებული დახმარების შემცირების შესახებ. ასევე, მოუწოდა ევროპის საინვესტიციო ბანკს, გადახედოს თურქეთში თავის საკრედიტო საქმიანობას.