ანგელა მერკელის თურქეთში ვიზიტის წინ მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს აკრიტიკებს
ანგელა მერკელის თურქეთში ვიზიტის წინ მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს აკრიტიკებს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თურქეთში ვიზიტის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს აკრიტიკებს. გერმანული გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელი ლტოლვილების შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ შეთანხმებას ვასრულებთ და უკან გაგზავნილ ლტოლვილებს ვიღებთ. ევროკავშირი კი დაგვპირდა 2016 წლის ბოლოს სამი მილიარდი ევროს გადახდას და კიდევ სამი მილიარდი ევროს გადახდას 2018 წლის ბოლოს. უკვე 2020 წელი დაიწყო, ჩვენ კი ჯერ კიდევ პირველი სამი მილიარდი არ მიგვიღია სრულად“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამას გარდა, მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ ევროკავშირმა თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. თურქი დიპლომატის თქმით, თურქეთს აქვს სრული უფლება, გაუხსნას თავისი საზღვრები ევროკავშირისკენ მიმავალ მიგრანტებს.

სტამბოლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მოლაპარაკებები 24 იანვარს არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი