რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირს სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ერდოღანმა ვარნაში გამართული თურქეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის სამუშაო უნდა დასრულდეს, რომ თურქეთის მოქალაქეებმა ევროკავშირისადმი ნდობა არ დაკარგონ.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ევროკავშირისგან პასუხს ველოდებით, თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. თებერვლის დასაწყისში, ევროკავშირს წერილით მივმართეთ, რომელშიც ვითხოვეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამ დრომდე,  ევროკავშირს ამ პროცესის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯები არ გადაუდგამს. ვიმედოვნებთ, ამ მხრივ მუშაობა დაჩქარდება. ეს არ უნდა დარჩეს თურქეთსა და ევროკავშირს შორის შეუსრულებელ საკითხად, რადგან თურქეთის მოქალაქეებმა არ უნდა დაკარგონ ევროკავშირისადმი ნდობა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ბრიუსელს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესისკენაც მოუწოდა.

„აღვნიშნე, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული პროცესი თურქეთმა 1963 წელს დაიწყო. ახლა უკვე 2018 წელია, თუმცა ჩვენ კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები ვართ. ჩვენ ვისურვებდით ამ მიზნისკენ უფრო სწრაფ პროგრესს“, – აღნიშნა თურქეთი ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმაც ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გასაუჯობესებლად აუცილებელია.

თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მიგრაციული შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის დაპირებაც შეახსენა.

„თურქეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს ტერორიზმის ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე მიგრაციული კრიზისის დასაძლევად. სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესების გამო, ამჟამად თურქეთში თითქმის ოთხი მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს. ასევე განვიხილეთ 3 მილიარდ ევროს გამოყოფის საკითხი. ჩვენი მხრიდან აღვნიშნეთ, რომ ამ დრომდე მხოლოდ 1,8 მილიარდი ევრო მივიღეთ. ვიმედოვნებთ, ამ თანხის მეორე ტრანშსაც მივიღებთ, რომ შეგვეძლოს, ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილებისთვის პირობების გაუმჯობესება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების, ასევე ევროკავშირის მოქალაქეების დაკავების გამო. ევროკავშირი შეშფოთებულია სირიის აფრინის რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციითა და ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში თურქეთის ქმედებებითაც.

დონალდ ტუსკის თქმით, ვარნაში გამართული თურქეთ-ევროკავშირის სამიტი კომპრომისის გარეშე დასრულდა.

„თუ მეკითხებით, მივაღწიეთ თუ არა კომპრომისებს და ვიპოვეთ თუ არა გადაწყვეტილებები, ჩემი პასუხია – არა“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამავე დროს, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირის ახლო პარტნიორია მიგრაციის საკითხში. მისი თქმით, ევროკავშირი აფასებს ამ მხრივ ანკარას მიერ შესრულებულ სამუშაოს.