საქართველოში თურქეთის ელჩი - ევროკავშირთან შესაძლოა, ზოგიერთი საკითხი არ დაემთხვეს, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე რეალისტური და საერთო ინტერესები გაგვაჩნია
საქართველოში თურქეთის ელჩი - ევროკავშირთან შესაძლოა, ზოგიერთი საკითხი არ დაემთხვეს, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე რეალისტური და საერთო ინტერესები გაგვაჩნია

ევროკავშირთან შესაძლოა, ზოგიერთი საკითხი არ დაემთხვეს, მაგრამ ზოგიერთ საკითხზე რეალისტური და საერთო ინტერესები გაგვაჩნია, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„შესაძლოა, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ზოგიერთ საკითხზე შეთანხმება არ იქნას მიღწეული 29 ქვეყნის დონეზე. სირიაში რა ხდება, ეს არის ევროკავშირის საერთო პოლიტიკა? თურქეთს არ აქვს ფუფუნება, დაელოდოს, რომ ბრიუსელში ვიღაც ჩამოაყალიბებს პოლიტიკას. იმიტომ, რომ ეს ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები გვემუქრებიან, ჩვენ ვერ მივცემთ ამის უფლებას. კიდევ ერთი მაგალითი – შავი ზღვის რეგიონი, სადაც საქართველოსა და თურქეთს პირდაპირი ინტერესები გააჩნიათ, საჭიროა, ჩვენ ძალიან კარგად გავითვალისწინოთ რეგიონული ასპექტი და რეალობები, თუ რა ხდება ადგილზე“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ამ განცხადებით ფატმა ჯერენ იაზგანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ მიიღო ევროკავშირმა თავის კლუბში თურქეთი, რომელიც იბრძოდა და დემოკრატიისა და ეკონომიკური თვალსაზრისით მუსლიმურ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული იყო.

როგორც ფატმა ჯერენ იაზგანმა აღნიშნა, თურქეთთან მოლაპარაკებები არ გახსნილა, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ამას ბლოკავს, მაგრამ თურქეთი ამჟამად სხვადასხვა თავებს გადის ევროკავშირის წევრობისთვის.

მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, საჭიროა და ამ მიმართულებით ნაბიჯები ყოველდღიურად იდგმება, მაგრამ არსებობს სტრატეგიული საკითხები, რომელსაც ევროკავშირის პარტნიორები და წევრი ქვეყნები უნდა წყვეტდნენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებში გაუმჯობესება საჭიროა. ამაზე ყოველდღე ვსაუბრობთ, ყოველდღე მიდიან-მოდიან დელეგაციები და სხვადასხვა საკითხზე ევროკავშირთან ყოველდღე მიდის საუბრები, მაგრამ არსებობს სტრატეგიული საკითხები, რომლებსაც ევროკავშირის პარტნიორები და წევრი ქვეყნები უნდა წყვეტდნენ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, დადანაშაულების თამაშები ვახორციელოთ. იმიტომ, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და რეალური საფრთხეები არსებობს – კლიმატის ცვლილებები, ადამიანის უსაფრთხოების საკითხები, მაგალითად ვირუსები, ეპიდემიები, უკანონო ემიგრაცია და ა.შ“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

საქართველოში თურქეთის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი და თურქეთის სახელმწიფოს სიბრძნე ემოციებს და ლიდერებს არ ემყარება.

„ეს ემყარება ეროვნულ ინტერესებს. ეს გახლავთ სისტემა“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.