ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია - 2 ოქტომბერს არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ხასიათდებოდა გამძაფრებული პოლარიზაციით
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია - 2 ოქტომბერს არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ხასიათდებოდა გამძაფრებული პოლარიზაციით

2 ოქტომბერს არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ საარჩევნო პროცესი გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა და გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესებისთვის მზადება იყო გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული.

„საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ, თუმცა კამპანია დააზიანა დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა და თანმიმდევრულმა განცხადებებმა და არათანასწორმა საასპარეზო პირობებმა.

სამართლებრივი ჩარჩო ზოგადად ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და არჩევნებისთვის მოსამზადებელი პერიოდი გამჭვირვალედ და პროფესიონალურად იყო ორგანიზებული. ეროვნულ საკითხებზე გადაჭარბებულმა ფოკუსირებამ და ეროვნულ პოლიტიკაზე ამ არჩევნების ზეგავლენამ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები გადაფარა“, – აღნიშნა იონსონმა.

როგორც ალბერტ იონსონმა განაცხადა, არჩევნები გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები. ამასთან, აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიამ ხმის დათვლის პროცესი პოზიტიურად შეაფასა.

„აგრეთვე აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების გადავსება, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. დათვლის პროცესი შეფასებული იყო გამჭვირვალედ, მაგრამ გავლენა მოახდინა უბნებზე, სადაც იყო პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით.

სამართლებრივი ჩარჩო, სრულყოფილად დანერგვის შემთხვევაში, მთლიანობაში ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა ის მეტისმეტად გადატვირთულია და საარჩევნო პროცესის არაერთ ასპექტს საჭიროზე მეტად არეგულირებს. ახალმა ცვლილებებმა ნაწილობრივ გაიზიარა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ვენეციის კომისიის მანამდე გაცემული რეკომენდაციები, მათ შორის საარჩევნო დავების გადაწყვეტის ვადებისა და ხელახალი გადათვლების შესახებ, თუმცა არაერთი მათგანი კვლავაც გაუთვალისწინებელი დარჩა. მათ შორის ისინიც, რომლებიც შეეხებოდა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავების გადაწყვეტის სხვა ასპექტებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად აუცილებელ დამატებით ზომებს“, – განაცხადა იონსონმა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები ღია იყო პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ამასთანავე, პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ისტორიაში პირველად, სხდომები პირდაპირი ეთერით გადასცა.

ამასთან, როგორც ალბერტ იონსონმა აღნიშნა, „ხელისუფლებამ გასწია ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიას და ოდირის სადამკვირვებლო მისიის კოლეგებმა გამოხატეს ნდობა სიების სიზუსტის მიმართ მაშინ, როდესაც კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო“.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია შეზღუდულად, მაგრამ კონკურენტულ გარემოში წარიმართა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად შუქდებოდა მედიასა და ონლაინგამოცემებში და ხასიათდებოდა განსხვავებული შეხედულებების მქონე საარჩევნო სუბიექტთა სიმრავლით.

„საარჩევნო პროცესი ზოგადად მშვიდად წარიმართა, თუმცა ცალკეულ პირებს შორის ძალადობისა და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ისევე, როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებული აგრესიული რიტორიკა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გამძაფრდა.

ბოლო დროს მთავრობის მიერ რამდენიმე პროექტის დაწყების შესახებ გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება კანონის სულისკვეთებას და საარჩევნო კამპანიაში მაღალი თანამდებობების პირების მონაწილეობამ მმართველ პარტიას თავისი მდგომარეობით მინიჭებული უპირატესობით შეუსაბამოდ სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.

ზოგადად, საკანონმდებლო ხარვეზები და მარეგულირებელი ჩარჩოს აღსრულების შეზღუდული შესაძლებლობები ზეგავლენას ახდენს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე.

საჩივრებისა და სარჩელების განხილვის მექანიზმი დავების ეფექტური გადაწყვეტის გზაა, მაგრამ საჭიროებს დამატებით გარანტიებს სამართლიანი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე სრული ხელმისაწვდომობის უზუნველსაყოფად. ბოლოდროინდელი ცვლილებებით არ მოხდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მანამდე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც სამართლებრივი საფუძვლის გაფართოებასა და ყველა ტიპის საჩივრის დაჩქარებულ განხილვას შეეხებოდა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრებისას პროცესში მონაწილე მხარეებმა უნდობლობა გამოხატეს საარჩევნო კომისიების, სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებლად განხილვის მიმართ“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნა ეუთო/ოდირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.