ეთიკის ქარტია - ელისო კილაძემ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შემიტანა.
როგორც ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, ქუმსიშვილი სადავოდ ხდიდა 2018 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „კორუფცია VS მართლმსაჯულება“, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში არსებულ კორუფციას და 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
„საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მსვლელობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მე-11 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს.
შესაბამისად, საბჭომაც მხოლოდ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა სადავო სტატია და მისი დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება“,- აღნიშნულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე.