ესტონეთში მამა-შვილი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს
ესტონეთის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს. ესტონეთის სასამართლომ დახურულ სხდომაზე დენის მეტსავასს და მის მამას, პიოტრ ვოლინს 15,5 წლითა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამა-შვილი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოსთვის საიდუმლო ცნობებისა და ინფორმაციის გადაცემაში.
გამოძიების ცნობით, ინფორმაციის სანაცვლოდ ისინი რუსული მხარისგან ფულს იღებდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ დენის მეტსავასი ჯაშუშობით ათი წლის განმავლობაში იყო დაკავებული, მამამისი კი ხუთი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა.
მეტსავასი 1998 წლიდან ესტონეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მამამისი კი საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კა-გე-ბეს) სასაზღვრო ძალებში მსახურობდა. მამა-შვილი 2018 წლის სექტემბერში დააკავეს.