უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 1 300-ზე მეტი საქმე აღძრეს
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მონაცემებით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 1 300-ზე მეტი საქმე აღძრეს

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 1 300-ზე მეტი საქმე აღძრეს. სტატისტიკურ მონაცემებს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით 1 677 საქმე აღძრეს, მათ შორის, 1 315 საქმე სახელმწიფოს ღალატს ეხება.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამავე პერიოდში, უკრაინაში 286 სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო კოლაბორაციონისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით და 23 საქმე აგრესორი სახელმწიფოს ხელშეწყობის ფაქტზე.

ამჟამად უკრაინაში 1 052 პირს ამოწმებენ, რომლებიც სახელმწიფო ღალატსა ან კოლაბორაციონისტულ საქმიანობაში არიან ეჭვიმატნილები. ყველაზე მეტი საქმე აღძრულია ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დონეცკის ოლქებში. მაგალითისთვის, მათ შორის არის კომპანია „მოტორ სიჩის“ ყოფილი პრეზიდენტი ვიაჩისლავ ბოგუსლაევი, რომელსაც რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, ბრალდებაში საუბარია რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსტეხთან“ თანაშრომლობასა და რუსული ვერტმფრენებისთვის განუკვთვნილი სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე, რაც ომის დაწყების შემდეგაც გრძელდებოდა. ბოგუსლაევი 2022 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია.

2022 წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ შესწორებებს, რომელთა მიხედვითაც, ომის პირობებში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.