პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ

პოლონეთში, შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) თანამშრომლებმა რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„შიდა უსაფრთხოების სააგენტომ, პოლიციასთან თანამშრომლობით, იპოვა და დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ​კრაკოვსა და ვარშავაში ავრცელებდნენ“, – წერს მინისტრი.

ამასთან, მარიუშ კამინსკი განმარტავს, რომ რუსეთის ორივე მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს.

შეგახსენებთ, მარიუშ კამინსკიმ 16 მარტს განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების სააგენტომ გაანადგურა ჯაშუშური ქსელი, რომელიც მოქმედებდა რუსეთის სასარგებლოდ. ამ ოპერაციის ფარგლებში ცხრა პირი დააკავეს.