ერთ-ერთ კომპანიას ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების უფლება დროებით შეუჩერდა, ორ კომპანიას კი ფულადი ჯარიმა დაეკისრა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანიას აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამავე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს კიდევ ორი კომპანია აწარმოებს. მათგან ერთ-ერთი 7 000 ლარით დაჯარიმდა, მეორე კომპანია კი 1000 ლარით.
„სამივე კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე. ერთ-ერთს დაეკისრა 7000 ლარიანი ჯარიმა. ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელსაც რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი შრომის უსაფრთხოების მიზნებისთვის და მასაც ადმინისტაციული სახდელის სახით 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ძირითადი კომპანიას, რომელიც აღნიშნულ ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა, საქმიანობა მანამდე შეუჩერდა, ვიდრე არ მოხდება ყველა იმ დარღვევის აღმოფხვრა, რომელიც ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე თქმით, ობიექტზე გარკვეული ხარვეზები ჩანს. ფერაძე აცხადებს, რომ ადგილზე კუსტარული დანადგარები იყო.
„ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა გარკვეული ტიპის დარღვევები. ამ ეტაპზე ველოდებით კომპანიის მხრიდან შესაბამის საპირწონე დოკუმენტაციას. არ ხდებოდა საფრთხეების შეფასება. არსებობდა კუსტარულად მოწყობილი მანქანა-დანადგარები, იყო გარკვეული ხარვეზები ღობეებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.