რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია მათ მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში დაადანაშაულეს
რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია მათ მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში დაადანაშაულეს

რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მათ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აპარატის თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში დაადანაშაულეს.

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა, არჩილ ძამაშვილმა განაცხადა, მასზე და აპარატის თანამშრომლებზე თავმჯდომარის მხრიდან ადგილი ჰქონდა სისტემატური ზეწოლისა და შევიწროების ფაქტებს.​ ძამაშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით მიმართეს შრომის ინსპექციას, რომელმაც დაიწყო საკითხის შესწავლა. მისივე თქმით, საქმის წარმოება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, შრომის ინსპექციის დასკვნის თანახმად, „დასტურდება რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისა და აპარატის უფროსზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და დისკრიმინაციის ფაქტები“. მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს შრომის ინსპექციამ 1 200 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

„ნოდარ შეროზიამ შემომთავაზა, გადავსულიყავი მრჩევლად და დამეტოვებინა თანამდებობა. ამაზე რომ უარი ვუთხარი, გაღიზიანდა და ივლისის თვის განმავლობაში არ მაწერდა საქმეებს. ამის შემდეგ, ჩემი შეფასება გააკეთა ყოველგვარი კანონის დარღვევით“, – განაცხადა არჩილ ძამაშვილმა.

ამასთან, საკრებულოს აპარატის ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, გვანცა ბირთველიშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ მას დაავალა, „დაესახელებინა თანამშრომლები, რომელთა გათავისუფლებასაც შეძლებდა“.

„ცხადია, ამაზე არ დავთანხმდი. საკრებულოს თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ პოლიტიკურად ვიყავი ანგაჟირებული, რაც დასტურდება იმით, რომ ჩემ მიმართ დაწყებულია დისციპლინური წარმოება. კონკრეტულად კი, ჟურნალისტის შემოსაშვებად დავუშვი საშვი, რომელიც აპარატის უფროსთან იყო მოსული. ემოციური იყო ჩემთვის და ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა“, – განაცხადა გვანცა ბირთველიშვილმა.

ამასთან, როგორც საკრებულოს საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა მანუჩარ ვაჩაძემ აღნიშნა, მას უთხრეს, დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის განყოფილებას გააუქმებდნენ.

„თავმჯდომარემ გამომიგზავნა მისი მრჩეველი და მითხრა, დამეტოვებინა თანამდებობა მიზეზის გარეშე. რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ შემომითვალა, ან დამეტოვებინა თანამდებობა, ან გააუქმებდნენ ჩემს განყოფილებას, რის შემდეგაც განყოფილებაში ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ნება მიგვეცა, გაეუქმებინა განყოფილება. არ ვაპირებდი განცხადების დაწერას, რადგან სამსახურიდან წასვლის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ბენზინი ჩამომართვეს, რომ არ დავემორჩილე. მოლოდინის რეჟიმში ვმუშაობთ, როდის გააუქმებენ განყოფილებას და ეს არის ჩვენთვის ძალიან რთული“, – განაცხადა მანუჩარ ვაჩაძემ.