ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. 2022 წელს განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა წარადგინა.

ბექა ფერაძის განცხადებით, გასულს წელს დასაქმებულთა უფლებების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შემცირდა და კვირაში 40-საათიანი გრაფიკით განისაზღვრა მომსახურების, ტრანსპორტის, სამთო-მოპოვებისა და სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა სამუშაო დრო. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი, მთავრობის დადგენილებით, ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც, შესაბამისი წესით, დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, რაც, შრომის ინსფექციის ცნობით, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ემსახურება.

ბექა ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა ვაკანსიის გამოცხადების სახელმძღვანელო დამსაქმებლებისთვის, რათა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დისკრიმინაციის შემთხვევები.

როგორც ბექა ფერაძემ განაცხადა, საერთო ჯამში, შრომის უფლებების მიმართულებით ზედამხედველობა 70 000-მდე პირს შეეხო.

მისივე განმარტებით, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების კლების ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი 41 პროცენტით შემცირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა.

პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სოციალური პარტნიორები, ბიზნესის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.