„ეროვნული ერთობის“ წევრი გიორგი ჭელიძე - ჩემი ერთადერთი დანაშაულია ქვეყნის სიყვარული და ამის გამო მტანჯავენ [ფოტო]
თბილისის საქალაქო სასამართლო „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.
სასამართლო პროცესზე საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ გიორგი ჭელიძე მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა.
მისი თქმით, როდესაც ჭელიძის სახლში სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მისვლისას, ჭელიძემ საპირფარეშოში უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩაყარა. მისივე თქმით, ჭელიძემ ვაზნების სრულად ჩარეცხვა ვერ მოასწრო.
„პოლიცია როდესაც მივიდა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა ვერ მოახერხა. ამასთან, გიორგი ჭელიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს საქმეზე სასამართლოში მოწმედ დასაკითხ პირებთან და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რათა მათ ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცენ, ასე რომ, ჩვენ ვითხოვთ პატიმრობას“, – განაცხადა პროკურორმა.
გიორგი ჭელიძის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და 1000-ლარიანი გირაო შესთავაზეს.
სასამართლოს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ბრალდებულმა გიორგი ჭელიძემაც.
„დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე. საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააჩნია. პოლიციამ უსაფუძვლოდ რამდენჯერმე დამაკავა. წინა წლის ოქტომბერში სასტიკად მცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა. ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმებია მცდელობაა. ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ-ი არ ამოვიდა, 10 ვაზნიდან არც ერთზე. არც ერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს, დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემზე სროლაც განხორციელებულიყო. ჩემი ერთადერთი დანაშაულია ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარული და ამის გამო მტანჯავენ. ლავრენტი ბერია რომ დააბრუნოთ და განათებულ მანქანის ფონზე დამხვრიტოთ, ვერ გამაჩერებთ“, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, გიორგი ჭელიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.