გიორგი ჭელიძე - „სამგურალის“ დაკომპლექტება გრძელდება, რამდენიმე ფეხბურთელს ახლაც ვაკვირდებით #1TVSPORT
გიორგი ჭელიძე - „სამგურალის“ დაკომპლექტება გრძელდება, რამდენიმე ფეხბურთელს ახლაც ვაკვირდებით #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ თურქულ შეკრებაზე გამართული ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა შეაფასა.

გუნდი თითქმის ერთი თვეა, ანტალიაში ემზადება და ამხანაგური მატჩებიც გამართა. ბოლო შეხვედრაში „სამგურალი“ ჩეხურ „ვისკოვთან“ 0:1 დამარცხდა, იქამდე კი უკრაინული პრემიერლიგის მეექვსეადგილოსან „კოლოსს“ 2:1 მოუგო.

„შეკრებაზე იოლი მატჩი არ არსებობს და სასიხარულოა, რომ საკმაოდ ძლიერ „კოლოსთან“ გავიმარჯვეთ, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში ასპარეზობს. ბოლოს ჩეხურ „ვისკოვს“ ვეთამაშეთ, რომელიც ძალიან კარგად ორგანიზებული, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ოთხი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ შანსები ხელიდან გავუშვით, მეტოქეს კი ერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა.

მთლიანობაში, ძალიან კარგი სპარინგი გამოგვივიდა, ბიჭების დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა, მაგრამ შეკრებაზე ხან მოიგებ, ხან წააგებ. ამიტომ ვატარებთ საკონტროლო მატჩებს, რომ შეცდომები გამოვასწოროთ და სეზონს მომზადებული შევხვდეთ.

ამ შეკრებამ დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, გუნდებს, რომლებსაც შევხვდით ჩვენთან უპირატესობა არ ჰქონიათ და არ დავუჩაგრივართ. გამოჩნდა, რომ რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდება და კლუბის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს.

გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, დაკომპლექტება მიმდინარეობს და არ ვაპირებთ გაჩერებას. რამდენიმე ფეხბურთელს ახლაც ვაკვირდებით. თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩს 17 თებერვალს უკრაინული „ლვივის“ წინააღმდეგ გავმართავთ. დასკვნების გაკეთება ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.