„სამგურალის“ მწვრთნელი - ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე, რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ #1TVSPORT
„სამგურალის“ მწვრთნელი - ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე, რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ ეროვნულ ლიგაში განვლილი პერიოდი შეაფასა, სადაც თითქმის ორთვიანი პაუზა გამოცხადდა. ჭელიძის გუნდმა ეს ეტაპი წარმატებით ჩაატარა, სამეულშია და ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის.

„ჩემპიონატის პირველი ეტაპი რთული გამოდგა, მაგრამ საწყისი ტურების შემდეგ მივაგენით ოპტიმალურ შემადგენლობას და სათამაშო მოდელი ჩამოვაყალიბეთ. ზედიზედ რვა მოგება და ცხრამატჩიანი წაუგებელ სერია გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი იყო. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და ეს შედეგზეც აისახა, ჩემპიონატის პირველი ეტაპი ლიდერთა შორის დავასრულეთ. გუნდის თამაშითა და სატურნირო მდგომარეობით კმაყოფილი ვართ. წინასწარ ვერავინ იტყვის, საბოლოოდ, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, მაგრამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ.

12 ტური წყალტუბოში არ გვითამაშია, საშინაო მატჩებს ზესტაფონში ვატარებდით. ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი სწორედ ეს იყო. ყოველდღე, ფაქტობრივად, 100 კილომეტრს გავდიოდით, რადგანაც ვარჯიშებსაც ზესტაფონში ვატარებდით. ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, მაისის ბოლოს წყალტუბოში დავბრუნდით, სადაც გულშემატკივრების ფაქტორი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იყო თამაშები, სადაც ქომაგი ძალიან დაგვეხმარა და უდიდესი მუხტი მისცა ბიჭებს.

„სამგურალის“ ხუთი ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა. ეს ჩვენი კლუბისთვის რეკორდია. როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე კლუბისთვის, ძალიან კარგი ფაქტია და ნიშნავს, რომ წინ მივიწევთ. კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებს წინსვლასა და თავის გამოჩენაში ეხმარება. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს შეუძლიათ ხასიათის, პროფესიონალიზმის გამოვლენა და ევრო 2023-ზე თამაში. მინდა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ გუნდი საქართველოს წარმატებით გაახარებს.

ახლა ჩემპიონატში საკმაოდ დიდი პაუზაა. ფეხბურთელები ორი კვირით შვებულებაში გავუშვით. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გვექნება ახალი სავარჯიშო ბაზა, იდეალური ინფრასტრუქტურით. ჩემპიოინატის მეორე ეტაპისთვის მზადებას იქ განვაახლებთ და ამხანაგურ მატჩებსაც ჩავატარებთ. შეკრება საქართველოში იგეგმება, რადგანაც ახლა სადმე წასვლის დრო არ არის. წინ სათასო მატჩები გველოდება. ასე რომ, მოვემზადებით საქართველოში და უკვე ამხანაგური შეხვედრებიც დავგეგმეთ. რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზეც ვმუშაობთ და რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.