„სამგურალის“ მწვრთნელი - გულშემატკივრის შეძახილი ძალიან გვაკლია, მაგრამ წყალტუბოში მალე დავბრუნდებით #1TVSPORT
„სამგურალის“ მწვრთნელი - გულშემატკივრის შეძახილი ძალიან გვაკლია, მაგრამ წყალტუბოში მალე დავბრუნდებით #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ გასული ხუთი ტური შეაჯამა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„წყალტუბოს „სამგურალში“ მუშაობა ჩემთვის პატივია, ჩვენ ახლა ვყალიბდებით, რადგან რამდენიმე მოთამაშე შეკრებაზე არ იყო და ახლა გვიბრუნდება. ახალი ფეხბურთელები მოვიყვანეთ, ბევრიც დაგვხვდა და ჯერ კიდევ გაცნობის პროცესში ვართ.

გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და რაღაც ყოველთვის უნდა შეიცვალოს. შენების პროცესში ვართ და ჩემპიონატის განახლებას ველოდებით. გუნდში კონკურენცია არის – ერთ ადგილზე 2 მოთამაშე გვყავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისაც გვეიმედება. ნოდარ ლომინაძე და ნიკა ხორხელი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, ეს სასიამოვნოა. ჩვენ კიდევ რამდენიმე მოთამაშე გვყავს, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ვფიქრობ, რომ ასაკობრივ ნაკრებებში მოხვდებიან.

სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ და შევეცადეთ, რომ ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები აგვემაღლებინა. ახლა ვემზადებით ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისთვის, რომელიც ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, პრობლემაა, რომ გუნდი წყალტუბოში ვერ ვარჯიშობს და თამაშობს. დამიჯერეთ, ფეხბურთელისთვის რთულია, როდესაც დილით დგება და ყოველდღე სავარჯიშოდ დიდი მანძილის გავლა უწევს. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი ჩემი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც შრომობენ და ითმენენ. გულშემატკივრის შეძახილი ძალიან გვაკლია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სახლს ძალიან მალე დავუბრუნდებით“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას წყალტუბოს „სამგურალი“ სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ 2️ აპრილს გამართავს, მატჩი 2️1:00 საათზე დაიწყება.