ეროვნულ საშენ მეურნეობაში ხოხბის 2 000 წიწილა და 300 ფრთა კაკბის ლაპი გამოიჩეკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური სახეობის ფრინველები გამოიჩეკა.
„2016 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.
რამდენიმე დღის წინ, მეურნეობაში ხოხბის 2 000 წიწილა და 300 ფრთა კაკბის ლაპი გამოიჩეკა.
გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.
დღეისათვის, მეურნეობაში 700 ფრთა კაკაბი, 100 ფრთა კოლხური ხოხობი და 20 ფრთა ე.წ. ლურჯი ფრინველი ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყების ცნობით, კაკაბი საქართველოში მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან ალპურ ზონამდე ბინადრობს.
ხონთქრის ქათმის დიდი პოპულაცია კუმისისა და ჯანდარის ტბების მიმდებარედ, ჭარბ ტენიან ადგილებში, ასევე, ლაგოდეხსა და კოლხეთის დაბლობზე იყო გავრცელებული.
„დღეისათვის, ხონთქრის ქათმის პოპულაცია აღმოსავლეთ საქართველოში, პრაქტიკულად, განადგურებულია. სწორედ ამიტომ, ბუნებაში აღდგენის მიზნით, ეროვნულ საშენ მეურნეობაში ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის „ლურჯი ფრინველი“ სახეობის მოშენება დაიწყო.
რაც შეხება კოლხურ ხოხობს, ის საქართველოს ენდემური სახეობაა. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეეებით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.