თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა
თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და სხვა) საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს. კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი/კადასტრი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ კვლევები ითვალისწინებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგული სისტემის გაუმჯობესებას და მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს, როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას, ისე მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.