ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას ასრულებს. საქართველოს დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის რანგში ბოლო ინტერვიუ მისცა და მისიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა. ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
როგორ ხედავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებასა და საქართველოში კონფლიქტის დარეგულირებაში?
– როდესაც საქმე ეხება დაძაბულობის შემცირებას, ჩვენი როლი ძირითადად ადგილზე ვითარების მონიტორინგს გულისხმობს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, დღისით და ღამით ვახორციელებთ პატრულირებას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ვასრულებთ როლს დაძაბულობის შემცირებაში, ვაწვდით ინფორმაციას ევროკავშირის დედაქალაქებს, იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენი მისიის უკან დგანან, ევროკავშირის ინსტიტუტებს. ასე რომ, გვაქვს მნიშვნელოვანი როლი, რომელიც გამოიხატება ადგილზე წარმომადგენლობით, ანგარიშის მიწოდებით, რათა შეიქმნას ობიექტური ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე და დანარჩენ საქართველოში. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ როლს იმაში, რასაც ნდობის გამყარებას ვუწოდებთ, ვქმნით კომუნიკაციის არხებს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად საქართველოს ნაწილსა და ცხინვალსა და სოხუმს შორის, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, როდესაც საქმე ეხება ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის მართვას და გამოსავალი გზების ძიების მცდელობას, რათა ვეცადოთ, შევქმნათ უსაფრთხო გარემო და უკეთესი საცხოვრებელი პირობები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოსახლეობისთვის.
როგორი მდგომარეობაა ამჟამად ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე? როგორ შეიცვალა სიტუაცია იქ ბოლო თვეების განმავლობაში, ვგულისხმობთ ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შემდეგ. როგორ უყურებთ რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეს.
– მას შემდეგ, რაც ოთხ-ნახევარი წლის წინ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მომიწვიეს, სტაბილურობის კუთხით სიტუაცია საკმაოდ რთული გახდა. მისიის ყურადღება და საქმიანობა მიმართულია ამჟამად ჩორჩანა-წნელისის რაიონისკენ, რასაც ჩვენ „ცხელ წერტილს“ ვუწოდებთ, სადაც არსებობს ესკლაციის რისკი. ჩვენი მისია ადგილზე პატრულირებს კვირაში შვიდი დღე 24-საათიან რეჟიმში. ადგილზე იმყოფებიან ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენ ვამზადებთ ანგარიშებს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით და ვცდილობთ შუამავლობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და „ცხელი ხაზის“ საშუალებით. ვიტყოდი, რომ სიტუაცია რთულია. უფრო მეტია არასტაბილურობა. არ არის გამორიცხული ესკალაცია, განსაკუთრებით „სამხრეთ ოსეთთან“ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ვხედავთ სხვა შემაშფოთებელ ტენდენციებს. კვლავ ვხედავთ ე.წ. ბორდერიზაციას, დაძაბულობას. ბოლო დღეებში, რა თქმა უნდა, თბილისის ყურადღება მიმართულია ბატონი გაფრინდაშვილის საქმისკენ, თუმცა ის არის ერთ-ერთი იმ მრავალ პირს შორის, რომლებიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე დააკავეს. მისია აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ამ ადამიანების გასათავისუფლებლად.
ამას გარდა, „სამხრეთ ოსეთში“ გადასასვლელი პუნქტების დახურვა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ახალ გამოწვევებს ქმნის. ვფიქრობ, ჩვენი ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია და ჩვენი მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტაბილიზაციაში, ვასრულებთ როლს ჰუმანიტარული კუთხითაც, რათა დაკავებული ადამიანები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ, მიმდინარე ბორდერიზაციას დოკუმენტურად ავსახავთ. თუმცა, არის მნიშვნელოვანი გამოწვევები.
კარგად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული სიტუაცია ძალიან რთულია. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს კონტროლი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებზე?
– უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კონფლიქტის ჰუმანიტარულ განზომილებაში დიალოგის ქონა. ჩვენ გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ტარდება ერგნეთსა და გალში. ამჟამად ეს შეხვედრები სრულფორმატიან რეჟიმში არ იმართება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ეს განახლდება. ეს არის მთავარი ადგილი, სადაც ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია შევუმსუბუქოთ პირობები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს „ცხელი ხაზი“, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურად, რათა უზრუნველვყოთ დაკავებულების სწრაფი გათავისუფლება ან ადამიანებმა მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე არის წამოდგენილი. ასე რომ, მნიშვნელოვანია დიალოგი პრობლემების დღის წესრიგში დასაყენებლად და პოზიციის მკაფიო გამოსახატად. ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, როდესაც საქმე ეხება მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებას, განათლებაზე წვდომას, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა, მათ შორის ახალგორსა და გალში, ასევე საქართველოს სხვა ნაწილებში მცხოვრები ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების საცხოვრებელ პირობებს. ეს არის სწორედ ის, რის გაკეთებასაც ჩვენ გავაგრძელებთ.
ვფიქრობ, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ განვაახლებთ ფორმატს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სადაც ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ ხელშესახებ შედეგებს. უფრო მეტად პოლიტიკურ დონეზე ეს საკითხები განიხილება ჟენევაში. სულ ახლახან, მიმდინარე კვირას დასრულდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი. ის არ ყოფილა მარტივი, თუმცა რა თქმა უნდა, იქ მიმდინარეობდა ამ ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობა.
თქვენ ახსენეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“. შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს განუმარტოთ, თუ როგორ მუშაობს ეს „ცხელი ხაზი“ და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ეფექტიანი კომუნიკაციის ინსტრუმენტი საგანგებო სიტუაციების დროს?
– ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად ცენტრალური მექანიზმი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მართავს. ეს არის კომუნიკაციის არხი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ყველა მხარეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს შორის. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთადერთი არხი, რომლის საშუალებითაც საქართველოს ცენტრალურ მთავრობას შეუძლია გაიგოს, თუ რა ხდება მეორე მხარეს ჩვენი შუამავლობით. „ცხელი ხაზის“ საშუალებით განიხილება ყველანაირი საკითხები, ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქარველოს ხელისუფლებას სურს, გაიგოს რა ხდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მეორე მხარეს სამხედრო წვრთნების კუთხით ან უსაფრთხოების აქტორების განთავსების მხრივ. ზოგჯერ საქმე გვაქვს სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, „ცხელი ხაზის“ საშუალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ადამიანებმა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთა შეძლონ, რათა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა მიიღოს ხაზის აქეთ მხარეს. ამგვარი საკითხები განიხილება „ცხელი ხაზით“ და ეს მექანიზმი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სტრუქტურების ხელისუფლებას, ხოლო რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური კონტაქტები არ არის, თუმცა მაინც საჭიროა კომუნიკაციის არხი იმისათვის, რომ იყოს ადგილზე განვითარებული მოვლენების განხილვის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივების ცხოვრება შედარებით შემსუბუქდეს და თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობა.
სწორედ ამიტომ „ცხელი ხაზი“ ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ყოველდღიურად „ცხელი ხაზით“ 6-7 ზარი ხორციელდება, მიმდინარე წელს ჩვენი „ცხელი ხაზი“ 1850-ზე მეტჯერ გააქტიურდა სხვადასხვა შემთხვევების დროს. „ცხელი ხაზი“ ასევე გამოიყენება, როდესაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ადამიანებს აკავებენ და მათ ოჯახებში დაბრუნება სჭირდებათ. „ცხელი ხაზი“ მოქმედებს ინფორმაციის გასაცვლელად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ. ბატონი გაფრინდაშვილის საქმე ერთ-ერთია იმ მრავალ საქმეს შორის, რომელშიც ჩვენ ჩართულები ვიყავით გასული წლების განმავლობაში.
ორი წელი გავიდა, რაც თქვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა გადაიბარეთ. როგორ ფიქრობთ, ამ ორი წლის განმავლობაში რა იყო მისიის მუშაობაში მთავარი გამოწვევები და მიღწევები.
– მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ის, რაც მისიის დაწყებისას იყო. მისიას არ აქვს წვდომა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“. სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა და ჩვენ გვიწევს, ვეძიოთ სხვა გზები, რათა დავაკვირდეთ, თუ რა ხდება მეორე მხარეს. თუმცა, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც ვფიქრობ, შეიძლება იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წარმატება. ჩვენ დავიწყეთ დაკვირვების ახალი საშუალებების გამოყენება. გასული წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაიწყო მფრინავი კამერების სისტემის გამოყენება, რაც წარმოადგენს რეალურად კამერით აღჭურვილ ბუშტებს, რათა შევძლოთ იმის მონიტორინგი, თუ რა ხდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა. დავიწყეთ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს უკეთესად გამოყენება, რათა მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა ხდება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, სადაც ამჟამად არ გვაქვს წვდომა. ვფიქრობ, წარმატება იყო ასევე ის, რომ ჩორჩანა-წნელისის ინციდენტმა აჩვენა, სტაბილურობის რამდენად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ვართ. ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, ვახორციელებთ მონიტორინგს და ვცდილობთ ინციდენტების თავიდან აცილებას, ვცდილობთ, შექმნათ ფორმატები, სადაც განვიხილავთ ადგილზე შექმნილ სიტუაციას და მის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ჩორჩანა-წნელისის რაიონში სიტუაციის გაუარესება ჩვენ მუშაობაზე მნიშვნელოვნად აისახა. მისიამ ძირითადი რესურსები ჩორჩანა-წნელისში ვითარების სტაბილიაზაციისკენ მიმართა. სწორედ ამ მიზეზით, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა მისიის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მომავალ წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 340 ადამიანი იმუშავებს. გამოწვევები გვხდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ზოგი კარგად ცნობილია, ზოგი ახალი, კვლავ რჩება პრობლემად ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის არარსებობა. რაც შეეხება წარმატებს, უმჯობესია, ვინმემ სხვამ განსაჯოს, ვიყავით თუ არა წარმატებულები. თუმცა, რაც შეეხება, ჩვენს საქმიანობს, გავაუმჯობესეთ შესაძლებლობა, რომ ვაწარმოოთ მონიტორინგი, თუ რა ხდება ადმინისტრაციულ გამყოფი ხაზის მიღმა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დაბოლოს, გთხოვთ შეაჯამოთ თქვენი მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე და რა რჩევას მისცემდით თქვენს შემცვლელს.
– პირადად ჩემი სამუშაო იყო უკიდურესად ღირებული, რადგან მისია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. მე ვეყრდნობოდი საქართველოს ხელისუფლებასთან ქმედით თანამშრომლობას, ჩვენ ერთმანეთთან გვქონდა ინფორმაციის გაცვლა, რადგან ვმოქმედებდით ოპერაციული მიუკერძოებლობის პრინციპით, ვცდილობდით, ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაბალანსებული შეხედულება შეგვენარჩუნებინა. ჩემს შემცვლელს ვურჩევდი, რომ შეინარჩუნოს მისიის ფოკუსი მის მასტაბილურებელ როლზე და ჰქონდეს იმ ძალიან კარგი გუნდის იმედი, რომელიც მისიაში გვყავს. როგორც იცით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის ერთადერთი მისიაა, რომელშიც წარმოდგენილია ორგანიზაციის 28-ვე წევრი ქვეყნის მოქალაქე. ევროკავშირის 28-ვე ქვეყანას ჰყავს თავისი წარმომადგენელი ჩვენს მისიაში, რაც ასევე მხარდაჭერას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი გააგრძელებს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კარგი თანამშრომლობის გზას. ვიმედოვნებ, რომ ის შეინარჩუნებს ამ კურსს და საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას გააგრძელებს.