ექსპერტიზის ბიურო - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლებმა ბიუროს მოსთხოვეს ყინული და ეთქვათ უარი
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ, – ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.
ბიურო თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის და მისი გადასვენების პროცედურებს განმარტავს.
„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის, ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.
„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.
აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბიურო მზად არის, განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში ოჯახის მხრიდან გადასვენების მზაობის გამოთქმამდე.
ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული, ან სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა“, – აცხადებენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
მათივე ცნობით, ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება.