კოტე კემულარია - ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, თითქოს ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხალვაშის ხელმოწერა არ არის
კოტე კემულარია - ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, თითქოს ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ხალვაშის ხელმოწერა არ არის

გიორგი გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, კოტე კემულარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს დასკვნა არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ, ასო შ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული“, -განაცხადა კემულარიამ.

მისივე თქმით,  ასეთი დასკვნები ინსტიტუტებს აყენებს დიდი დარტყმას.

„ეს არის იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელება, რის გამოც არის დაკავებული ოქრუაშვილი, „რუსთავი 2-ის ჩაქრობის სურვილის გამო. ამის გამოა ის დაპატიმრებული, ამას მოყვა ის, რომ დღეს „ტვ პირველს“ უტევენ“, – განაცხადა კემულარიამ.

ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ითხოვს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაზე განმეორებითი ექსპერტიზა საზრღვარგარეთ ჩატარდეს.

“აქამდე არსებობდა სამი დასკვნა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, თითქოს არ არის ხალვაშის ხელმოწერა. ჩვენ მოვითხოვთ განმეორებით ექსპერტიზის ჩატარებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, რათა მოხდეს ობიექტური დასკვნის დადება“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა.

შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ამასთან, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ამბობს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

დატოვე კომენტარი