გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში გადმოასვენეს
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში გადმოასვენეს

გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს გადმოასვენეს. ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.