ემზარ კვიციანი - თავი დავიცავი, ფიზიკურად არავის გავსწორებივარ
ემზარ კვიციანი - თავი დავიცავი, ფიზიკურად არავის გავსწორებივარ

თავი დავიცავი, ფიზიკურად არავის გავსწორებივარ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საკანონმდებლო ორგანოსთან ინციდენტზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც კვიციანი ამბობს, პარლამენტთან აქციის მონაწილეები მას თავს დაესხნენ.

„დავიწყებ თავიდან, რაც მოხდა. ჩვენ არ ვაძლევდით დღეს ხმას მთავრობას, ამიტომ ავდექით და წამოვედით პარლამენტიდან. ავედი ჩემს კაბინეტში, სამუშაო მქონდა, მაგრამ კომპიუტერი დამხვდა გათიშული. გამოვიძახე ტაქსი. ტაქსი ვერ ამივიდა, ამიტომ ქვევით ჩავედი. მივდიოდი და დამესხნენ თავს. თავს დამესხნენ სასტვენებით, ცხვრებით და დამიწყეს ლანძღვა-გინება. მე თავი დავიცავი, ფიზიკურად არავის გავსწორებივარ. ვის დავარტყი? როდის დავარტყი? მაჩვენეთ კადრები. მე ცოტა ემოციური ვარ, ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი განსხვავებით სხვებისგან. კანონის დარღვევა თუ იყო, ეს გამოჩნდება. ვჯიკაობდი, ხალხისგან ვიცავდი თავს“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სად წაიყვანა პოლიციამ, ემზარ კვიციანმა უპასუხა: „პოლიციამ წამიყვანა რესტორან „ამრაში“, სოხუმში ვიქეიფეთ და დავბრუნდით“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.