ირმა ინაშვილი - ემზარ კვიციანი პარტიიდან წავიდა, თუმცა ჩვენ მეგობრებად ვრჩებით
ირმა ინაშვილი - ემზარ კვიციანი პარტიიდან წავიდა, თუმცა ჩვენ მეგობრებად ვრჩებით

ემზარ კვიციანი პარტიიდან წავიდა, თორემ ჩვენი მეგობრობიდან კი არ წასულა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ვინც ვიყავით, ის ვართ და არც ერთ შემთხვევაში აქ არ არის ლაპარაკი ღირებულებათა შეცვლაზე. არჩევნები ახლოვდება და როგორც წესი, არჩევნების წინა პერიოდში ყველა პარტიას ახასიათებს რაღაც ცვლილებები; პოლიტიკოსები იცვლიან ადგილს. ზოგი საერთოდ მიდის პოლიტიკიდან და მოღვაწეობისთვის სხვა სფეროს ირჩევს. ემზარ კვიციანი პარტიიდან წავიდა, თორემ ჩვენი მეგობრობიდან კი არ წასულა. ბატონ ბეჟანზე არ მინდა საუბარი. უბრალოდ, მისი წონიდან გამომდინარე. მას არავითარი წონა არ ჰქონდა ჩვენს პარტიაში. რამდენადაც ვიცი, წევრიც არ იყო და საუბარიც არ მსურს. მოვიდა თუ წავიდა, ეს არ არის საინტერესო. საინტერესოა ბატონი ემზარ კვიციანის თემა, რომელიც ჩვენი თანამებრძოლი, გუნდის და პარტიის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიიდან წავიდა, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. ჩვენ არასდროს არ უნდა ვატკინოთ გული ერთმანეთს პარტიიდან წასვლის ან პარტიაში რაღაც პოზიციების შეცვლის გამო“, – განაცხადა ინაშვილმა. 

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რით არის განპირობებული ის, რომ ბოლო დროს „პატრიოტთა ალიანსის“ რიგები პარტიის მნიშვნელოვანმა წევრებმა დატოვეს და რამდენად შეიძლება, ამან დააზარალოს, ან არ დააზარალოს „პატრიოტთა ალიანსი“ იმ ღირებულებათა სისტემაში, რის გამოც მას საზოგადოება ირჩევს.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ემზარ კვიციანი და კვიციანების ოჯახი დასაფასებელია.

„ვიდრე კვიციანები კოდორს იცავდნენ, კოდორი ჩვენი იყო და როცა ისინი კოდორიდან განდევნეს, კოდორი მაშინ დავკარგეთ. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ჩვენი ურთიერთობიდან და მეგობრობიდან გამომდინარე, ამის გამო აფასებს ემზარს. თუმცა, მას სხვა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ ძალიან ბევრი ახალი სახე შეემატა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ნაწილში.

„ეს არის მნიშვნელოვანი, მისასალმებელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ რაღაც პესიმიზმით გამსჭვალული. პირიქით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.