ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ემზარ კვიციანი და ადა მარშანია კენჭისყრას ჩამოაშორეს, სხვებზეც მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ოპოზიციური პარტიები თვითონ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში, აქტიურად მუშაობდნენ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდნილიყო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ორი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას, პირველი მოსმენის წინ ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე ადა მარშანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიმდინარეობდა მუშაობა სხვა დეპუტატებთან დაკავშირებითაც, რის შესახებაც მმართველ პარტიაში ფლობენ ინფორმაციას.
„მეორე მოსმენის წინ გვითხრეს, რომ ადა მარშანია რაჭაში იმყოფებოდა და წნევის გამო ვერ ჩამოდიოდა, გადავამოწმეთ და იყო ქობულეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლებოდა, ჰქონოდა ემზარ კვიციანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სათანამშრომლოდ, კობახიძემ აღნიშნა: „ეს ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო სხვადასხვა. საზოგადოებას აინტერესებს, რის საფუძველზე შეთანხმდნენ? არ აინტერესებს. მე პასუხს ვაგებ იმ სიტყვებზე, რომელიც წარმოვთქვი. დანარჩენი, საზოგადოებამ განსაჯოს“.