ემზარ კვიციანი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა მარინამ თქვა, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია ერთად დავსვათ და იძულებული გავხადოთ ხელისუფლება, პროპორციულზე გადავიდესო, ეს სურათია დღეს ამ დარბაზში
ემზარ კვიციანი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა მარინამ თქვა, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია ერთად დავსვათ და იძულებული გავხადოთ ხელისუფლება, პროპორციულზე გადავიდესო, ეს სურათია დღეს ამ დარბაზში

როდესაც არჩევნები არ ტარდება სამართლიანად, რა განსხვავებაა, 120/30 იქნება, თუ 30/120, ესაა მთელი უბედურება, – ამის შესახებ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„შექმნილი ვითარება მე მაგონებს ერთ საინტერესო ამბავს, რომელსაც მოგიყვებით. შარშან, ნოემბერში ვიმყოფებოდი ევროპარლამენტში, სადაც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა მარინამ თქვა ასეთი სიტყვები, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია მთლიანად ერთად დავსვათ და იძულებული გავხადოთ ხელისუფლება, რომ პროპორციულზე გადავიდესო, არჩევნების სისტემა შეცვალოსო. ეს სურათი არის დახატული დღეს ამ დარბაზში. ანუ რა გამოდის? ქართველ ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება საერთოდ და არც თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, ჩვენზე, რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ არის ეს ყველაფერი მარაზმი და  სირცხვილი. ქართველები ქართულ საქმეს ვერ ვაკეთებთ. სულ აპელირებენ ე.წ. ოპოზიცია და ქვეყნის მტრები 8 მარტის დანაპირებზე. 2012 წლის პირველი ოქტომბრის დანაპირებზე რას იტყვით? სამართლიანობის აღდგენას რატომ არ ითხოვენ და რატომ არ იძლევიან იმ რეკომენდაციებს, რომ ახსენეთ რეკომენდაციები ელჩების? იმათგან მოდის სწორედ, რომ ქართველი ხალხი უნდა შესუსტდეს, შეთხელდეს და უმცირესობაში იყოს ჩვენს ქვეყანაში. ამას ემსახურება ყველაფერი აბსოლუტურად. ამიტომ იმავეს ვიტყვი, რომ არანაირ ხმას არ მივცემ მაგას, პირიქით, წინააღმდეგიც ვარ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.