ემზარ კვიციანი - სვანეთის მოსახლეობა მესტიისა და ლენტეხის გაერთიანებას, სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა წერილიდან ამონარიდი წაიკითხა, რომელიც, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზემო და ქვემო სვანეთში მცხოვრები მოსახლეობისგან მიიღო.
როგორც წერილშია აღნიშნული, სვანები მოითხოვენ სახელმწიფოსგან, გაერო-გან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას.
„სვანეთი და სვანები სულ ცოტა 55 საუკუნე ღირსეულად და ერთგულად მოჰყვება საქართველოს და ქართველი ერის მრავალ ათასწლოვან ისტორიას. მთელი თავისი უხანგრძლივესი ყოფიერების განმავლობაში სვანები და სვანეთი ყოველთვის იყო, არის და სამომავლოდაც იქნება ქართველი ერისა და საქართველოს სისხლხორცეული, შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. გამომდინარე აქედან, გამიზნულად ვუჭერთ მხარს სვანეთის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებასა და აღორძინებას. კონკრეტული დარგების დაწინაურების მიმართულებით. აუცილებელია სვანეთის ერთიან რეგიონად გაერთიანება. მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შეერთება და ძლიერი ადგილობრივი მმართველობის ჩამოყალიბება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირ დაქვემდებარებაში.
ვაცხადებთ, რომ სვანები წარმოვადგენთ ძირძველ, მკვიდრ, აბორიგენ, ავტოქტონურ მოსახლეობას. სვანეთში სვანებზე ყოველმხრივი უპირატესობისა და პრიორიტეტულობის ლეგიტიმური უფლებამოსილებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, გაერო-გან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარებას.
შესაბამისად, მოხდეს ჩვენი ტრადიციული და სათემო საკუთრების დაკანონება. ასევე, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, – აღნიშნულია წერილში.