ემზარ კვიციანი - პატარა აზრი გამიჩნდა, არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი
ემზარ კვიციანი - პატარა აზრი გამიჩნდა, არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი

საკანონმდებლო ორგანოში დისტანციური სხდომები არა მარტო საგანგებო სიტუაციების დროს, არამედ რიგგარეშე სხდომების დროსაც შეიძლება ჩატარდეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საგანგებო მდგომაეობის დროს საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, დღეს არსებული ტექნოლოგიები იძლევა დისტანციური სხდომების ჩატარების შესაძლებლობას.

„პატარა აზრი გამიჩნდა, საკანონმდებლო ორგანოში დისტანციური სხდომები არა მარტო საგანგებო სიტუაციების დროს, არამედ რიგგარეშე სხდომების დროსაც შეიძლება ჩატარდეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც რიგგარეშე სხდომა ტარდება, ხალხი ქალაქიდან გასულია. იდეა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ გაამართლებს. ვფიქრობ, დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებებით არაფერი გასაჭირი არ იქნება, რათა ეს გაკეთდეს. არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება.