პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების საკითხზე იმსჯელებენ
პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების საკითხზე იმსჯელებენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე იმსჯელებენ.

ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ უწყებამ საქმიანობა შესაძლოა, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით წარმართოს, რაც უზრუნველყოფს იმ პრევენციული ზომების მაქსიმალურ დაცვას, რაც მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მიერაა გათვალისწინებული და ამასთან, არ პარლამენტი არ შეწყვეტს მუშაობას.

„ჩვენ განვიხილავთ საკითხებს ბიუროზე და შემგდომ სესიაზე რეგლამენტში ცვლილებებს. კერძოდ, დაინიცირებული არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით. იცით, რომ ასეთი პრეცედენტი ჯერ არ არსებობს მსოფლიოში, თუმცა გვინდა, რეგლამენტის თეორიულ ნაწილში ჩანაწერი გაჩნდეს, რომ შემდგომ აიტი ტექნოლოგებმა და შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ მუშაობა ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს ემსახურება იმას, რომ ზოგადად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდეს დისკრეცია, ობიექტური გარემოების არსებობისას თუ დადგება საჭიროება, ჰქონდეს საშუალება, მთლიანად საპარლამენტო საქმიანობა დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს და ვიდეოჩართვების ან სხვა ტექნიკური საშუალებებით მოხდეს საპარლამენტო საქმიანობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.