ემზარ კვიციანი - როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ როცა მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო
ემზარ კვიციანი - როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ როცა მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო

როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ როცა მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.

ემზარ კვიციანმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„მინდა, შევეხო 8 სექტემბრის მოვლენას, როდესაც თავს დამესხა გაურკვეველი ჯგუფი ლანძღვა-გინებითა და ბრალდებებით. რა თქმა უნდა, სუს-ის მხარდაჭერით და ადამიანების შეკვეთით, ერთ-ერთი აქ ბრძანდებოდა, გიგა ბოკერია. ახლა მაინტერესებს, რატომ არის, რომ რუსეთს სულ ეს ადამიანები ახსენებენ. ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტი პრორუსული, ვინც ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა, ყველა სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაუგდო რუსეთს. ეს ადამიანები აქეთ გვაბრალებენ და იტყორცნებიან იარლიყებით. ხალხმა და სუს-მა ყველაფერი იცის, ხმას არავინ იღებს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დეპუტატის თქმით, 8 სექტემბერს პოლიცია ბოჭავდა და აქციის მონაწილეებს ყველაფრის საშუალებას აძლევდა.

„აქეთ შემომიტრიალეს. ამ ღალატში ჟურნალისტებიც არიან გაერთიანებული. იმდენი ჟურნალისტი მომსდევდა გადამღებებით და 10 ათასი კაცი შეიკრიბა ამერიკის საელჩოსთან. აბა, რამდენი ჟურნალისტი იყო და რა გააშუქეს საერთოდ. ჟურნალისტები ამბობენ, თითქოს მე მივედი მაგათთან და იმას კი არ ამბობენ, რომ ჩემთვის მივდიოდი ჩემს გზაზე. არანაირი კორიდორი არ ყოფილა. წინა დღით მწარე განცხადებები გავაკეთე და გავაკრიტიკე სუს-ი, მეორე დღეს ასეთი ჩასაფრება მომიწყვეს მაგათი ხელით, მერე ესენი ყვირიან პრორუსობაზე. ეს არის სამარცხვინო.

როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ რომ მოგსდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მოვითმინო და მას არ აქვს იმის ვალდებულება, რომ არ უნდა გლანძღოს. 15 წელი ვიბრძოდი სწორედ იმ რუსეთთან და არ დავანებე არც ერთი გოჯი მიწა ჩვენი ტერიტორიებისა. ორ საათში ჩააბარეს ტერიტორიები და ესენი უნდა მიყვიროდნენ აგენტს და რუსეთუმეს? თქვენ ხართ უმრავლესობაში და თქვენ მოგეკითხებათ უფრო მეტად.

მაქვს ასეთი წინადადება, ვისაც ღირსება შეგვრჩა, კიდევ ერთი ასეთი გამოხტომები და გავიდეთ ყველა ერთად, აღვკვეთოთ ის უბედურება, რასაც სჩადიან, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დააკნინონ და გაანადგურონ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ კოლეგებს, რომლებმაც სწორად შეაფასეს ჩემზე თავდასხმა“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.