ემზარ კვიციანი - გავრილოვი არის პროქართველი და ამიტომაც მოხვდა დღეს
სერგეი გავრილოვი არის პროქართველი და ამიტომაც მოხვდა დღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შეფასებისას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განუცხადა.
„მე მივუვარდი გავრილოვს და ვუთხარი, რატომ მოხვედი, შენ ხომ აფხაზეთში ნამყოფი ხარ. აფხაზეთში კონფლიქტის მერე ნამყოფიც არ ვარო, ჩემი მშობლები თბილისში მყავს დასაფლავებული და საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხომ ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად? გავრილოვი არის პროქართველი და ამიტომაც მოხვდა დღეს მას. რაც შეეხება აფხაზეთის აღიარებას, გავრილოვმა მითხრა, რომ მას ხელი არ აქვს მოწერილი და დამიდონ ერთი ფაქტიო. ამის მერე მეც დავმშვიდდი და მშვიდად ველაპარაკე, ავუხსენი, რომ ის ადამიანები, ვინც პარლამენტში შემოვარდნენ, ეს შენი დახმარებით ხდება და ამას მოსკოვი აკეთებს. ისიც ავუხსენი, იგორ გიორგაძის შექმნილი რომ არის სააკაშვილის ბანდა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, მოვუყევი, რა გააკეთეს კოდორის ხეობაში და ვერაფერი მიპასუხა, მისმენდნენ გაშეშებული“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, კვიციანი თქმით, მისთვის მოსაწონი არ არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვა, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ ვინც ეს დაგეგმა ერთი „კამანდაა“.
„ჩემთვის მოსაწონი არ არის, როცა რუსი დეპუტატი პარლამენტის სპიკერის სკამზე ზის, მაგრამ ვინც ეს დაგეგმა ერთი და იმავე კამანდაა – ესენია: ბიძინა ივანიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს განვითარებული მოვლენების დროს, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერატის ბლოკირება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა გააპროტესტა. ემზარ კვიციანი სპიკერატს ძალის გამოყენებით მოაშორეს, რის შემდეგაც მასთან თანაგუნდელი ადა მარშანია მივიდა. მარშანიასთან საუბრის შემდეგ, ემზარ კვიციანმა დარბაზი დატოვა.