ემზარ კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ სპიკერატის ბლოკირება გააპროტესტა [ფოტო/ვიდეო]

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერატის ბლოკირება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა გააპროტესტა.

ემზარ კვიციანი სპიკერატს ძალის გამოყენებით მოაშორეს, რის შემდეგაც მასთან თანაგუნდელი ადა მარშანია მივიდა. მარშანიასთან საუბრის შემდეგ, ემზარ კვიციანმა დარბაზი დატოვა.

ამავე დროს, დარბაზში ხმაური და შეძახილები: „პუტინ ხუილო“ ისმოდა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.