ემზარ კვიციანი - ბავშვს თუ პატარა შენიშვნა არ მიეცა და ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე ნორმალური დადგეს
პატარა შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ცოტა მკაცრად თუ არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე ნორმალური დადგეს,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტში მიმდინარე ცხრა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ბავშვთა უფლებათა კოდექსის” განხილვა მიმდინარეობს.
ემზარ კვიციანის თქმით, უნდა დაკონკრეტდეს, რა ითვლება ბავშვებზე ძალადობად.
„ბავშვი რომ დაიბადება, იმის შემდეგ აქვს უფლებები. უფლება აქვს, მშობლებს უსმინოს, შეასრულოს მათი მითითება, მოუსმინოს მასწავლებელს და შეასრულოს მათი ყველა დავალება სწავლის პროცესში. უფლება აქვს, მოუსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისა და სამშობლოსთვის. ასევე, იმარხულოს და ეზიაროს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მთავარი საცხოვრისის უფლებაა. ძალიან დიდი უბედურებაა, როცა უამრავი ბავშვია საცხოვრისის გარეშე დატოვებული ბანკების მიერ. ამასთან დაკავშირებით ხმას არავინ იღებს და ყოველდღე პანტაპუნტით ყრიან ბავშვებს საცხოვრებლიდან. უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა არის ბავშვებზე ძალადობა, რადგან პატარა შენიშვნისთვის მასწავლებლებს ყრიან სკოლებიდან. შენიშვნა თუ არ მიეცა ბავშვს და ცოტა მკაცრად არ გაიზარდა, არა მგონია, მისგან რამე დადგეს ნორმალური. როდესაც ზედმეტი თავისუფლება დამღუპველი ხდება ბავშვებისთვის, ეს ქვეყნისთვისაც დამღუპველია. ბავშვებზე ძალადობა რას ნიშნავს მაინტერესებს , რა ითვლება ძალადობად ეს დავაფიქსიროთ ბოლოს და ბოლოს”-განაცხადა კვიციანმა.