ემზარ კვიციანი - არც ერთი მეტრი მიწა არ გასხვისებულა უცხოელებზე, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომლებისა და აქციის მონაწილეთა დამსახურებაა
თბილისის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საპროტესტო აქცია დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართეს.
აქციაში დეპუტატი ემზარ კვიციანიც მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმება გააპროტესტეს.
„გვინდა, გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათ, ვინც მეხუთე დღეა წვიმაში დგას თბილისში და აპროტესტებს ქართული მიწების გასხვისებას, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი ინფორმაციით, დღესდღეობით, არც ერთი მეტრი მიწა არ გასხვისებულა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება პირველ რიგში, თვითონ იუსტიციის სახლის თანამშრომლების და შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ ხალხის, ვინც თბილისში ვდგავართ და ვაპროტესტებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციები გაიმართა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.