EMC და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების შესახებ კვლევას წარადგენენ
EMC და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების შესახებ კვლევას წარადგენენ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც, ავტორთა თქმით, უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას გულისხმობს, დღეს გახდება ცნობილი.

მესამე სექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას დადებითად აფასებს, თუმცა იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც, მათი თქმით, უწყებაში არსებობს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)​ იურისტის, მარიამ მხატვარის განცხადებით, კვლევის შედეგად იკვეთება, რომ უსაფრთხოების სამსახური ჭარბ უფლებამოსილებას ფლობს და არ არსებობს მასზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება.

მისივე თქმით, კვლევაში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შერჩევისა და განთავისუფლების წესსა და სამსახურის კონკრეტულ უფლებამოსილებაზეცაა საუბარი.

„კვლევა არაერთ საკითხს მიმოიხილავს. უპირველესად უნდა აღინიშნოს ,რომ 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. თუმცა, მივიღეთ ორი უწყება, რომელთა უფლებამოსილება დუბლირებულია. ასევე, არ არსებობს უსაფრთხოების სამსახურზე ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი. უსაფრთხოების სამსახური ფლობს ჭარბ უფლებამოსილებას და არ არსებობს მასზე ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებები. ჩვენი რეკომენდაციები მიემართება რამდენიმე ძირითად საკითხს, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მისი ანგარიშვალდებულება, ზედამხედველობის გაზრდა და გამჭვირვალობის გაზიარება. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შერჩევისა და განთავისუფლების წესზე. ასევე, უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტულ უფლებამოსილებებზე, რომლებსაც ჩვენ პრობლემურად მივიჩნევთ“, – აღნიშნა მარიამ მხატვარმა.

კვლევა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადდა.

კვლევის პრეზენტაცია დღეს, 10:00 „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.