ნიდერლანდებმა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებს
ნიდერლანდებმა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებს

ნიდერლანდებმა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიდერლანდების მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო გეგმას სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესახებ.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ნიდერლანდებისგან სამხედრო თვითმფრინავების ნაწილს მიმდინარე წელს ელოდება.

უსაფრთხოების ხელშეკრულება მიმდინარე წელს უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

„ვცდილობთ, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაშიც განსაკუთრებით ძლიერები ვართ. ეს არის საჰაერო თავდაცვა, F-16-ები, მიწა-ჰაერის სისტემები, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ზღვაზე და საბრძოლო მასალების კუთხით. ამ ყველაფერს ხელშეკრულების პირობებში ნახავთ. გარდა ამისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას ნატო-ს სტანდარტების შესრულებაში, დავეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს მე-7 პუნქტი – „მშვიდობა და სამართლიანობა“. ჩვენ გვინდა, ყველამ პასუხი აგოს და ეს ნიშნავს აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მტკიცებულებების შეგროვებაზე. უკვე ვმუშაობთ გატაცებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებაზე“, – განაცხადა მარკ რუტემ.