„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარირების სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომელიც, ორგანიზაციის განმარტებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარირების სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის, გაძლიერებას.

მათივე ცნობით, ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ.

„საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. 2021 და 2022 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში, სულ მცირე, ყოველი მეორე დეკლარაცია დარღვევებით არის შევსებული. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან ისეთი პირები, რომელთა თანამდებობებიც ინტერესთა კონფლიქტის, პოტენციური კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებულ რისკს შეიცავს.

საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ცვლილებები:

გაიზრდება იმ თანამდებობის პირთა წრე, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალებათ. მათ შორის დეკლარაციის შევსების ვალდებულება ექნებათ: ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებს, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, იმ საწარმოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, რომლის აქციათა ან წილის 50 და მეტ პროცენტს ფლობს სახელმწიფო ორგანო და ა.შ.;

გაიზრდება დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხა – თანამდებობის პირი ვალდებული იქნება, შეიტანოს ინფორმაცია სრულწლოვანი შვილის ქონების და შემოსავლის შესახებ, ასევე კრიპტოვალუტისა და საბოლოო (ბენეფიციარი) მესაკუთრეობის შესახებ;

გაუმჯობესდება დეკლარაციების მონიტორინგის რეგულაციები – იზრდება გამჭვირვალობის ხარისხი, მაგალითად: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამდებობის პირების დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება; დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველი ხდება მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და ანონიმური განცხადებაც; მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემრჩევ დამოუკიდებელ კომისიაში მონაწილეობა გამომძიებელი ჟურნალისტებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციაში.