„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯთან.

„2024 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც  ცესკო-ს დაკომპლექტების წესი კიდევ ერთხელ იცვლება იმ პირობის საწინააღმდეგოდ, რომელიც ევროკომისიამ ჩვენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ დაუწესა. ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის არცერთ რეკომენდაციას, კვლავ შენარჩუნებულია ცესკო-ს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევაზე ერთპარტიული კონტროლი და უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის ის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის არის  განკუთვნილი. ზემოაღნიშნული ცვლილებების ინიცირებამდე, 2023 წლის ივნისში პარლამენტს უკვე შეცვლილი ჰქონდა ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, რომლითაც საბოლოოდ გაუქმდა ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში მიღებული ცესკო-ს დაკომპლექტების მოდელი: კანდიდატების კონკურსის ჩატარებისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის მაგივრად, პარლამენტის თავმჯდომარესთან გადავიდა, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარის/წევრების სრული ვადით არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) გახდა შესაძლებელი. ამ ცვლილებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ჯერ კიდევ კანონპროექტის ეტაპზე აკრიტიკებდა.

მიმდინარე, უკვე მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, შესწორებები შედის საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა თანახმადაც, მას შემდეგ, რაც პარლამენტის სპიკერი წარუდგენს ცესკო-ს თავმჯდომარობის/წევრობის კანდიდატს, მის ასარჩევად პარლამენტს პირველ კენჭისყრაზე პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა დასჭირდება; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი  76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში  ცესკო-ს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, ხუთი წლით, დაინიშნება. ცვლილებებით აგრეთვე უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის ორი მოადგილიდან იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვის არის განკუთვნილი. მოქმედ მოადგილეს – პარტია „ლელოს“ წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს უფლებამისილება კანონის ამოქმედებისთანავე შეუწყდება.

ამრიგად, კანონპროქტით ცესკოს არაპარტიული ნაწილის დაკომპლექტების წესი არსებითად არ იცვლება: იმ პირობებში, როდესაც მმართველ პარტიას პარლამენტში გააჩნია საკმარისი რაოდენობის წარმომადგენლობა იმისათვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის/წევრების თანამდებობაზე 76 ხმით თავისთვის სასურველი კანდიდატები აირჩიოს, პარლამენტის ერთჯერადი 3/5-იანი კვორუმი და კანდიდატების არჩევის მეოთხე ეტაპზე პროცესში პრეზიდენტის შემოყვანა წმინდა ფორმალობად დარჩება და პრაქტიკაში ვერ გაზრდის ცესკო-ს მრავალპარტიული თანხმობით დაკომპლექტების შესაძლებლობას. მეორე მხრივ კი, ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმება მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის სრულ კონტროლს კომისიაზე.

კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა. კომისიამ ეუთო/ოდირ-თან ერთად კანონპროექტზე მოსაზრება 2023 წლის 18 დეკემბერს  გამოაქვეყნა. ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირ-ის ერთობლივ დასკვნაში წარმოდგენილი იყო შემდეგი რეკომენდაციები: ცესკო-ს თავმჯდომარის და არაპარტიული წევრების არჩევისას კვორუმი, პირველ რიგში, უნდა შეადგენდეს პარლამენტის წევრთა 2/3-ს (100 ხმა), შემდგომი ჩიხის საწინააღმდეგო (anti-deadlock) მექანიზმით; კანდიდატების უბრალო ან აბსოლუტური უმრავლესობით არჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ჩიხიდან გამოსავალი საშუალება, უნდა გაიზარდოს ინტერვალი კენჭისყრებს შორის, კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის სპიკერიდან ისევ ქვეყნის პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს, პარლამენტის სპიკერის ან პრეზიდენტის მხრიდან კანდიდატების წარდგენა ან წარდგენაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს, აღდგეს ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოსტი, რომელიც ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი, ცესკო-ს იმ თავმჯდომარის ან წევრის უფლებამოსილების ვადა, რომლებიც არ არიან არჩეული სრული კვორუმით, ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად მოკლე უნდა იყოს. ჩამოთვლილი რეკომენდაციები კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებულ ვერსიას ეხებოდა. თუმცა პარლამენტმა მეორე მოსმენით ისე მიიღო კანონპროექტი, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირ-ის არცერთი ზემოაღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

გარდა იმისა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯთან, რომლებიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ეუთო-ოდირ-ის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას მოითხოვს. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში,  გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკო-ს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელ ვერტიკალზე. მიგვაჩნია, რომ არსებული სახით კანონპროექტის მიღება ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს  თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ასევე, შესაძლოა, კანონპროექტმა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.

მოვუწოდებთ: საქართველოს პარლამენტს: უარი თქვას კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავოს და დაამტკიცოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან; საქართველოს პრეზიდენტს: კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.