ელიზაბეთ რუდი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თავისი თვალით იხილა რუსული ოკუპაციის ყოვლად მიუღებელი შედეგები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თავისი თვალით იხილა რუსული ოკუპაციის ყოვლად მიუღებელი შედეგები და მისი ეფექტი მოსახლეობაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომელმაც ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, მიტჩელი თბილისში ბრიუსელიდან ჩამოვიდა, სადაც ახალდანიშნულ სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად იმყოფებიდა.
„ორივე მათგანმა ბრიუსელში საკმაოდ ძლიერი გზავნილები გააჟღერეს საქართველოს ნატო-ს წევრობისა და ამ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჰქონდა სერიოზული შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ძალიან მყარი თანამშრომლობა იქნა განხილული, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების, რეფორმებისა და მრავალი სხვა მიმართულებით“, – განაცხადა რუდმა.
მისი თქმით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ურთიერთთანამშრომლობას აღრმავებენ.
„დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიტჩელი ოძისში გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა და თავისი თვალით იხილა რუსული ოკუპაციის ყოვლად მიუღებელი შედეგები ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში, იხილა ის ეფექტიც, რაც ამან მოსახლეობაზე მოახდინა. მან დაგმო ამ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების გატაცების, დაკავებისა და მკვლელობის შემთხვევები“, – აღნიშნა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ვეს მიტჩელი თბილისში ვიზიტი ფარგლებში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოფელ ოძისში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფებოდა.