ელისო ბოლქვაძე არტბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ელისო ბოლქვაძე არტბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე არტბანაკის მონაწილეებს გონიოს ციხეში შეხვდა და ახალგაზრდებს მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტებზე ესაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, გაეცნონ ისტორიას, მოინახულონ აჭარის რეგიონის უმთავრესი ძეგლი. ეს მათთვისაც დიდი სტიმულია და უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების კულტურული განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ არტბანაკი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ახალი კომპონენტები დაემატა“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

არტბანაკი 1-10 სექტემბრის ჩათვლით იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე ახალგაზრდა იღებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მცირე სკოლების მოსწავლეები.

არტბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით მონაწილეებისათვის სპეციალურად შემუშავდა შემეცნებითი მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროგრამა.

წელს მუსიკალური ბანაკის შემეცნებით პროგრამებს უძღვებიან მუსიკისმცოდნე მარინა ლობჟანიძე, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი და მუსიკოსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასის ხელმძღვანელი ლია ბაიდოშვილი.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.