ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ბოლო პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს ასამბლეაში ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტი კოლეგებს დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ წარუდგინა.

„რეზოლუციის პროექტი საერთაშორისო ფრანკოფონიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება და წვლილი შეაქვს საერთაშორისო სოლიდარობის, დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცებაში. რეზოლუცია აღიარებს საზღვრების ურღვევობის, საერთაშორისო მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპებს და იზიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს საზღვრებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ამ სახით მიღება მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების შელახვას, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.

„რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. კონფლიქტების სამართლიანი მოგვარება უნდა გახდეს ასობით ათასი ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღდგენის და მათი მშობლიურ სახლებში დაბრუნების საფუძველი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის წარდგენამდე რეზოლუცია პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც, კვებეკის დელეგაციის ინიციატივით, რეზოლუციას დაემატა ჩანაწერი, რომელიც გმობს კონფლიქტში ქალებისა და გოგონების მიმართ, მათ შორის, სექსუალურ ძალადობას.

საბოლოოდ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.

„საქართველოს დელეგაციის მიერ შემუშავებული და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პირველი შემთხვევა ფრანკოფონიის ასამბლეის ისტორიაში, როდესაც საქართველოს საკითხი ინდივიდუალურად განიხილეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე საქართველოსთვის“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მედიის წარმომადგენლებთან.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ფრანკოფონიის ქვეყნები კიდევ ერთხელ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმ საზღვრებს, რომლებიც გაერო-ს მიერ არის წარმოდგენილი.

„რეზოლუცია პლენარულ სხდომაზე საერთო კონსენსუსით იყო მხარდაჭერილი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. მოგეხსენებათ, რომ გენერალური ასამბლეიდან წელს საქართველოში წარმოდგენილია 42 ქვეყანა და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია მუშაობას დღეს დაასრულებს.

ასამბლეის საქმიანობაში საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. ამიერიდან ჩვენი ქვეყანა ასამბლეაში მუშაობას ასოცირებული წევრის სტატუსით განაგრძობს, რის შესახებაც გადაწყვეტილება სესიის ფარგლებში იქნა მიღებული.

საქართველოს წელს ასამბლეის წევრი 42 დელეგაცია და მასში შემავალი 250-მდე დეპუტატი სტუმრობდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.