ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა
ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკა საუკეთესოდ დასახელდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის – SME Policy Index – 2020 მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს შეფასება და შესაბამისად, ქულა (წინა 2016 წლის რეიტინგთან შედარებით) რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან  ცხრა კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

„ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი სტრატეგიული მიდგომით და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით დიდი  პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა მცირე და საშუალო მეწარმეობის ოპერაციული გარემოს გაუმჯობესების, ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების, სამეწარმეო სწავლების და უნარების განვითარების და ბიზნესის ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება განმარტავს, რომ SME Policy Index – 2020 რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას. კვლევა მიზანია შეაფასოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის მიმართულებების შესაბამისობა ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA – Small Business Act) 10 პრინციპის მიხედვით განსაზღვრული კომპონენტებთან.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ 2018 წელს განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და  მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი (Monitoring Review), რომელიც ორგანიზაციამ  წარადგინა 2018 წლის ევრაზიის კვირეულზე (OECD Eurasia week) და რომელზეც დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა, საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ,  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან და GIძ-თან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით. სტრატეგია სრულად ეფუძნება ევროპული მცირე ბიზნესის აქტს „უპირველესად იფიქრე მცირეზე“. ასევე მასში გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის კუთხით.