მიხეილ სარჯველაძე - ავტორიტეტული ინსტიტუტის რეიტინგში გამორჩეულია საქართველო, როგორც წარმატებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა, ეს დიდი შრომის შედეგია
მიხეილ სარჯველაძე - ავტორიტეტული ინსტიტუტის რეიტინგში გამორჩეულია საქართველო, როგორც წარმატებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა, ეს დიდი შრომის შედეგია

ავტორიტეტული ინსტიტუტის რეიტინგში გამორჩეულია საქართველო, როგორც წარმატებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა, ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, სარჯველაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „განათლების და ჯანდაცვის ხარჯეფექტიანობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავარი საკითხები და მიმართულებები, რის გამოც სამინისტრომ ეს შეფასება დაიმსახურა?“

„შეუძლებელია, გამოყო რომელიმე ერთი გადაწყვეტილება, ერთი ან რამდენიმე რეფორმა, რამაც ეს განაპირობა. რეალურად, ეს არის, რასაც კარგ მმართველობას ეძახიან. გარკვეული ინდიკატორების მეშვეობით იზომება ამ სექტორებში კარგი მმართველობა. კარგი მმართველობის შედეგებია ის, რაც გამოავლინა ამ ავტორიტეტული ინსტიტუტის რეიტინგმა. კარგ მმართველობაში იგულისხმება ის, რომ მაქსიმალურად თავისუფალია სფერო კორუფციისგან, მაქსიმალურად ორიენტირებულია ეფექტზე, სწორი პრიორიტეტები ლაგდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს. თავის მხრივ, უზრუნველყოფს მმართველობის ეფექტიანობას. საბოლოო ჯამში, ამას ჰქვია კარგი მმართველობა. ამიტომ, ესეც არის ერთ-ერთი გამარჯვება იგივე ქართული ჯანდაცვის სისტემის. ასევე მინდა, განათლების მუშაკებს მივულოცო წარმატება, ეს არის ერთგვარი აღიარება. თითოეულ ჯანდაცვის მუშაკს ვულოცავ ამ გამარჯვებას და იმას, რომ გამოირჩა საქართველო, როგორც წარმატებული ჯანდაცვის სისტემის მქონე, სადაც ხარჯები ეფექტიანად გაიწევა. ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ეწევა ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული მუშაკი, დაწყებული ჩვენი სამინისტროდან, თითოეული ექიმით და ექთნით დამთავრებული. დიდი იმედი მაქვს, წინ გვაქვს მომავალი წარმატებებიც“, – განაცხადა სარჯველაძემ.