ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები გაფიცულ მაღაროელებს ხვდებიან
ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჭიათურაში ჩავიდნენ.
გაფიცული მაღაროელების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში იმართება. შევხედრაში მონაწილეობს ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძეც.
ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა.
მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა. მსახიობებმა მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლების გამართვაზე უარი განაცხადეს.
ამასთან, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, „კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება“.