„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება
„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება

ჭიათურაში მღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს.

განცხდებაში კომპანიის მიერ მაღაროელებისთვის გაკეთებული შეთავაზებებია განმარტებული.

ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“  მოუწოდებს თანამშრომლებს, პასუხისმგებლობით გაიაზრონ მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს და, კომპანიასთან ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.

„26 მაისს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, სადაც კომპანიის მხრიდან მაღაროელებისთვის შეთავაზებული იყო შემდეგი წინადადებები:
2019 წლის პირველი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25 პროცენტიანი, ეტაპობრივი ზრდა, უფრო კონკრეტულად: 2019 წლის პირველი  ივლისიდან – 15 პროცნტიანი ზრდა, ხოლო 2020 წლის პირველი  ივლისიდან – 10 პროცენტიანი ზრდა;
ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის პირველი ივლისიდან – ხელფასის 10 პროცენტიანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე; ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა; სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე;

კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება;
სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა;

სამი თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა;

ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა;

ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;

კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა;

ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ,  შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს „ჯორჯიან მანგანეზს“ შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია, როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე – რიგითი ჭიათურელებისთვის.

სამწუხაროა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებებს დასაქმებულები არ დათანხმდნენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავ მოუწოდებს თანამშრომლებს, პასუხისმგებლობით გაიაზრონ ის მძიმე პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს და, კომპანიასთან ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება, რაც, დარწმუნებული ვართ, განმუხტავს სიტუაციას და ურთიერთსასარგებლო შედეგით დასრულდება“, – აღნიშნულია განცხდებაში.

კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია და იმედოვნებს, რომ სწორად გაანალიზების შემთხვევაში, გაფიცული მაღაროელები საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

მეთერთმეტე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს.  მაღაროელები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.