„ეხო კავკაზა“ - გასულ კვირას ახალგორის საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა
„ეხო კავკაზას“ ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონის საავადმყოფოში გასულ კვირას ორი ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ამის მიზეზად პუბლიკაციაში დასახელებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი „საზღვარი“, რის გამოც ახალგორის მცხოვრებლები თბილისში ვერ ჩადიან.
„ კარანტინის გამო ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ გამონაკლისს არც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფებისთვის აკეთებენ“, – ნათქვამია „ეხო კავკაზას“ სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთია 65 წლის ზაურ ჩიტიშვილი. „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ კიდევ ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, თუმცა მათ თბილისში გამგზავრების უფლებას არ აძლევენ.