თამარ მეარაყიშვილი - ოკუპირებულ ცხინვალში ვისაც ვეკითხები, ამბობენ, რომ დახლების დაცარიელება შეინიშნება
თამარ მეარაყიშვილი - ოკუპირებულ ცხინვალში ვისაც ვეკითხები, ამბობენ, რომ დახლების დაცარიელება შეინიშნება

ოკუპირებულ ცხინვალში ვისაც ვეკითხები, ამბობენ, რომ დახლების დაცარიელება შეინიშნება, – ამის შესახებ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს.

როგორც მეარაყიშვილი ამბობს, საუბარია ყველანაირ პროდუქტზე, რადგან მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალი არაფერს აწარმოებს და პროდუქტის შეტანა პრობლემაა.

„მეც მიწევს იქ სიარული, თუმცა ერთი-ორი კვირაა, რაც არ ვყოფილვარ, ორშაბათს მივდივარ. თუმცა, მქონდა მეგობრეთან კავშირი და ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად შეცარიელებულია დახლები და იგრძნობა, რომ პრობლემაა ტვირთის შემოტანა. ყველანაირ პროდუქტზეა საუბარი, რადგან ცხინვალი არაფერს არ აწარმოებს. ცხინვალს თავისი არაფერი არ გააჩნია და ყველაფრის შეტანა არის პრობლემა“,- განაცხადა მეარაყიშვილმა.

მისივე თქმით, პროდუქტების ნაკლებობა ოკუპირებულ ახალგორში არ არის, რადგან მაღაზიებზე დიდად დამოკიდებულები არ არიან.

„ჩვენთან არ არის ასეთი თვალში საცემი, რადგან ჩვენ მაინც სოფლად მივიჩნევით და არ ვართ მაღაზიებზე დიდად დამოკიდებული. მაღაზიები მუშაობენ იმ ადამიანებზე, ვისაც აქ მიწის ნაკვეთი არ გააჩნიათ. მაგალითად სამხედროები და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, ვისაც მიწა არ აქვს. ხილი, ბოსტნეული და რაც შემოდის რუსეთიდან, არ არის თვალშისაცემი ნაკლებობა, რადგან ჩვენ ადგილობრივ ბიზნესმენებს არ შემოაქვთ დიდი რაოდენობით, ანუ დაუშვებელზე მეტი ტვირთი და ჩვენთვის არ არის შესამჩნევი დეფიციტი. პირიქით, მე შევესწარი, გუშინ მაღაზიას, რომელსაც შემოაქვს რუსეთიდან ხილი და ბოსტნეული, ცხინვალიდან ურეკავდნენ, რომ წაეღოთ აქედან ერთი ტომარა ბოსტნეული.

რძის პროდუქტების სიმცირეც არ არის. ჩვენ მაინც სოფელს ვგავართ, რძის პროდუქტები ბაზარშიც არის და ძალიან პატარაა არის ჩვენი დაბა. სოფლებში ყველას ჰყავს ძროხები და ჩვენთან ეს არ იგრძნობა“,- განაცხადა მეარაყიშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში სურსათის დეფიციტია. ტვირთები რუსეთის საზღვარზე ფერხდება, რადგან საბაჟოზე მეწარმეებს დეტალური ელექტრონული დეკლარაციების შევსებას სთხოვენ. აღნიშნულს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. მებაჟეები საქონლის გაფორმებას საბაჟო კავშირის წესების მიხედვით ითხოვენ, რაც დამატებით დოკუმენტებთან და თანხებთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, თითოეული დასახელების პროდუქციის შემოტანისთვის მათ 300 რუბლის გადახდა უწევთ. ადგილობრივი მეწარმეები უკვე შეხვდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.